თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება და ხარჯვითი ნაწილი ჯამში 860 მლნ ლარამდე ადის. ცვლილებებს საკრებულოს უმრავლესობაში დადებით შეფასებას აძლევენ, მათი თქმით, ყველა წინასაარჩევნო დაპირება დოკუმენტში ასახულია, ბიუჯეტის პრიორიტეტები კი, ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო პრობლემების მოგვარება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.
„2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 326 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც არა ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია გათვალისწინებული, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს მუშაობა დაიწყება თბილისის სატრანსპორტო სისტემის გეგმაზე,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა.
ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს საკრებულოს ოპოზიცია, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ გაზრდილი დაფინანსება რეალურად ბიუროკრატიას მოხმარდება და არა ქალაქის საჭიროებებს.
„ეს არ არის ნამდვილად ის ბიუჯეტი, რომელმაც შეიძლება თბილისელების პრობლემები მოაგვაროს. ჩვენთვის მართლაც მოულოდნელი იყო, რომ დაანონსებული ოპტიმიზაციის ნაცვლად, ფაქტობრივად ის მუხლი, საიდანაც ფინანსდება შტატგარეშე მოსამსახურეები, რესტორნები, მივლინებები, ეს ხარჯები გაზრდილია და ფაქტობრივად, ბიუროკრატია გაზრდილია ამ წარმოდგენილი ბიუჯეტით,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი ირაკლი ნადირაძე.