24 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
უკრაინის საელჩოსთან "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს

უკრაინის საელჩოსთან "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიის წევრები მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავებას აპროტესტებენ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, საზოგადოებისთვის ცნობილი საახეები და თანაგუნდელები კიევში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.

ისინი სასამართლოს განაჩენის მოლოდინში არიან და უჭირთ ვარაუდის გამოთქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პეჩორის რაიონული სასამართლო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აღნიშნავს, რომ საზოგადოების ცნობიერება უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უნდა ამაღლდეს.

„თავად „ქართულმა ოცნებამ“ იქნებ შეძლოს და მონახოს ძალა და უნარი აღმოაჩნდეს, რომ გამოფხიზლდეს რეალურად და მიხვდეს, რომ შეუძლებელია, რომ მათთვის ეს ყველაფერი დამთავრდეს კარგად,“- აცხადებს ნიკა მელია.

ნიკა მელია აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სააკაშვილის შინა პატიმრობა უნდა, თუმცა, ეს ძნელი მისაღწევი იქნება. 

„პოროშენკოსთვის ბატონი სააკაშვილი, თუნდაც, შინა პატიმრობის ფორმატში მოქცეული, რასაც მე პირადად, წარმოუდგენლად ვხედავ ამ სცენარის განვითარებას და ბატონ სააკაშვილს სახლში 2 თვის განმავლობაში გამოკეტვის. მიუხედავად იმისა, რომ მას ექნება წვდომა მედიასაშუალებებთან. რა თქმა უნდა, ვინ, თუ არა პოროშენკომ იცის, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის წნეხს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი საზოგადოებას სააკაშვილის მხარში დგომისკენ მოუწოდებს.

„ძირეული, არსებითი რეფორმები მხოლოდ ასე ხდება, ძალიან ძნელია, მაგრამ გარდაუვალია, სამწუხაროდ. ამიტომ, ეს ჩვენ უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ უკრაინა და საქართველო გაცილებით უკეთესი ქვეყანა გახდეს,“ - განაცხადა ვაჩეიშვილმა.

სასამართლო სხდომა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოს შენობაში უკვე გადაიყვანეს. 

პროკურატურა სააკაშვილისთვის ორთვიან შინა პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე კი პროცედურულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას.

დღის ამბები