17 იანვარი 2018,   06:43
ვრცლად
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე თანამდებობისთვის შეუფერებელია - "გამჭვირვალობის" კვლევა

”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” რამდენიმე თვიანი მოკვლევის შემდეგ დაადგინა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს ამ პოსტის დაკავების უფლება არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბექაურს არ გააჩნია უმაღლესი განათლების ის დიპლომი, რომელსაც კანონი მოითხოვს.

ირკვევა, რომ ბექაური, რომელსაც მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ჟურნალისტიკის მიმართულებით უნდა ჰქონდეს, მათემატიკოსია და მას არც მაგისტრობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბექაური კომისიის წევრობის კანდიდატად ისე შეარჩია მთავრობამ, ისე წარადგინა შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა, რომ მისი დიპლომის შესაბამისობა არცერთ ინსტიტუციას არ გადაუმოწმებია. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს საქართველოს პარლამენტსაც მიმართა და ამ საკითხზე კომისიის შექმნისკენ მოუწოდა. 

„გამჭვირვალობის“ მიერ ჩატარებული კვლევა კი, რომლის მიხედვითაც, კახა ბექაური თანამდებობისთვის შეუფერებელია, ოპოზიციის მხრიდან ხმაურიანი განცხადებების საფუძველი გახდა. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში" დღეს ის კონკრეტული საქმეები გაიხსენეს, რის გამოც ხელისუფლება კახა ბექაურს შესაძლოა, ხელს აფარებდეს.

კახა ბექაურის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს.

 

დღის ამბები