18 იანვარი 2018,   05:53
ვრცლად
ქართულმა მხარემ მოსთხოვა უკრაინას, რომ სააკაშვილს გაცვლიან გია ყარამანიშვილზე ზეწოლაში, რუსთავი2-ის დასათმობად - ნიკა გვარამია

„მე იმედი მაქვს, რომ ეს გარიგება ვერ შედგება, თუმცა, ეს არ არის კონსპირაცია და ჩემი ვარაუდები, ეს არის ჩემი ინფორმაცია, რომელიც არის უტყუარი, მაღალი სახელისუფლებო წყაროდან, მაღალი თანამდებობის პირისგან,“ - ეს განცხადება რუსთავი2-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, საქართველოს ხელისუფლების უკრაინულ მხარესთან შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„საქართველოს ხელისუფლება გაურიგდა უკრაინის ხელისუფლებას და დიდი ხანია უკვე, რაც მათ შორის ჯიკაობა მიმდინარეობს, წაიყვანენ თუ არა სააკაშვილს ქართველები და გადარჩენის ინსტიქტი აქვთ სწორი და აქამდე თვითგადარჩენის ინსტინქტი კარნახობდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ ეს არ უნდა ექნათ,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი2-ის დირექტორის თქმით, სააკაშვილის ციხეში ჩასმას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს.

„მიხეილ სააკაშვილი, ნამდვილად, ის წითელი ხაზია, რომლის გატარებას მე, პირადად, ერთი ადამიანი და ჩემნაირი ერთი იქნება 100 ათასობით, არ ვაპირებთ,“ - განაცხადა გვარამიამ.

არჩევანის ეთერში ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის ხელისუფლებებს შორის გარიგება დიდი ხანია, მიმდინარეობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის არა ექსტრადირებას, არამედ დეპორტირებას გეგმავდნენ.

მისი თქმით, რუსთავი2-ის მფლობელი, გია ყარამანიშვილი უკრაინის იურისდიქციის ქვეშაა, რის გამოც, საქართველოს ხელისუფლება უკრაინულ მხარეს მასზე ზეწოლის განხორციელებას სთხოვდა.

„მათ პირდაპირ მოსთხოვეს უკრაინის ხელისუფლებას, რომ სააკაშვილს გაცვლიან გია ყარამანიშვილზე ზეწოლაში, რუსთავი2-ის დასათმობად,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ და განმარტა, რომ უკრაინის ხელისუფლება ამ ზეწოლისთვის მზად იყო.

„რას ვიღებდით სანაცვლოდ? ვიღებდით ქართული ოპოზიციის ლიდერს, ერთმნიშვნელოვნად ქართული ოპოზიციის მთავარ ლიდერს ქართულ ციხეში და ვიღებდით, ერთმნიშვნელოვნად ქართული ოპოზიციური აზრის მთავარ ლიდერს დახურულს, ამას ვიღებდით ერთდროულად,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიამ საქართველოს მოსამართლეებს მიმართა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები