23 აპრილი 2024,   15:15
ვრცლად
პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს განიხილავს

პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს განიხილავს. რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს კენჭიც ეყრება. ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

„მათ ეს პროცესი გახადეს სრულიად უპასუხისმგებლო, სასაცილო პროცესად, როდესაც კონსტიტუციის მიღების დღესვე დააანონსეს, რომ იწყებდნენ მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ეს ნიშნავს, რომ ეს ძალა ვერ აცნობიერებს რა პასუხისმგებლობის წინაშეა და ისინი მხოლოდ ერთი ოლიგარქიული კლანის და ერთი ოჯახის ინტერესებს ემსახურებიან,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი ზაზა ბიბილაშვილი.

რა პოზიცია ექნება უმცირესობას, ჯერჯერობით უცნობია. „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ცვლილებებით არსებული პრობლემები არ გადაჭრილა, თუმცა პრინციპული წინააღმდეგობა დაყენებულ საკითხებთან მიმართებაში არ აქვთ.

„ის საკითხები, რაც ახლა გამოდის, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა რაიმე პრინციპული არ არსებობს. წინააღმდეგობა იყო პროცესთან და პროცედურებთან, რომლითაც წარიმართა ზოგადად, საკონსტიტუციო განხილვა,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მმართველი გუნდი საბოლოოდ შეჯერებულია. როგორც "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, მათ შორის შეთანხმება შედგა პრეზიდენტის არჩევის წესზე.

ცვლილებების მიხედვით, საუბარია საკონსტიტუციო რეფორმით შემოღებული ბონუსების სისტემის გაუქმებაზე, საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად 2020 წლისთვის შენარჩუნებაზე, შესწორებებზე აღმსარებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მუხლებში, ასევე პრეზიდენტის არჩევის მუხლში ტერმინოლოგიურ ცვლილებებზე - ხმოსნების ნაცვლად კონსტიტუციაში ჩნდება ამავე წესით დეპუტატებისა და საზოგადების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კოლეგია.

დღის ამბები