25 აპრილი 2024,   20:33
ვრცლად
ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად, დაზუსტდა ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარების წესი

„იყო გარკვეული რეკომენდაციები იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ჩვენ მათი შემოთავაზება არ გავიზიარეთ, ამას პირდაპირ ვიტყვი,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის მე-18 მუხლში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ არსებულ კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს და საიდუმლო ინფორმაციის ცნება გაფართოვდეს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ თავდაპირველად მიწოდებული ვერსია მათ არ გაიზიარეს.

„იმ ჩანაწერით რეალურად, რომელიც იყო მოცემული დამტკიცებულ რედაქციაში, უზრუნველყოფილი იყო სათანადოდ, როგორც ხელმისაწვდომობის, ასევე სახელმწიფო ინტერესი. თუმცა, იყო გარკვეული რეკომენდაციები იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ჩვენ მათი შემოთავაზება არ გავიზიარეთ, ამას პირდაპირ ვიტყვი. მათი შემოთავაზება იყო, რომ გაგვემეორებინა ჩვენ კონსტიტუციაში ევროპული კონვენციის ჩანაწერი, ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, რაც არის თავისთავად ლეგიტიმური, ევროკონვენციაშია ასახული. თუმცა, ჩვენ გვაქვს მეტის ამბიცია,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ინფორმაციის გასაიდუმლოება კვლავ სამი ძირითადი საფუძვლის, კომერციული, პროფესიული და სახელმწიფო საიდუმლოების, არსებობის შემთხვევაში მოხდება.

„ერთადერთი, რაც შეიცვალა ამ კონსულტაციების საფუძველზე არის ის, რომ დაზუსტდა ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარების წესი, მხოლოდდამხოლოდ, ეს არის დადგენილი. ეს არის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი, ეს ნიშნავს კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს. კერძოდ, დადგენილია, რომ მხოლოდ სამ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს გარკვეულ ინფორმაციას ან დოკუმენტს სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების აუცილებელი ინტერესი, ეს არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესი და ეს არის სამართალწარმოების ინტერესები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები