16 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში - კალაძე ოპოზიციას საქმის გაკეთებისკენ მოუწოდებს

თბილისის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ დედაქალაქის მერს შეკითხვები დაუსვა. დარბაზში ისმოდა პოლიტიკური ურთიერთბრალდებები. 

„გულწრფელად მინდა მიპასუხოთ, კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც გამოგიგზავნეთ, წაიკითხეთ თუ არა. სამწუხაროა, რომ არ წაგიკითხავთ. აპელირებთ კონსტრუქციულობაზე, ამ ყველაფერში მინიმალური კონსტრუქციულობაც კი არ იკვეთება. 400-კაციანი ბატალიონი ჰყავს უსაფრთხოების სამსახურს და მას ხელმძღვანელობს ჰომოფობი, ქსენოფობი და მრავალი უარყოფითი თვისებით გაჯერებული ტიპი, რომლის დამტკიცებაზეც ვერ მოხვედით, იმიტომ, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხი არ გქონდათ,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა.

საკრებულოს სხდომა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

„ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იყო პენსიონერებისთვის საპენსიო დანამატი 50 ლარის ოდენობით. თქვენს პროგრამაში ეს არ ყოფილა, მაგრამ როგორც თქვენ მოგვიწოდებთ, რომ ყველას გვინდოდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ყველას გვინდოდეს უფრო მეტად დაცული პენსიონერი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი გაბაშვილმა.

კახა კალაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა. თბილისის მერმა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სლოგანზეც ისაუბრა.

„მე მჭირდება ნებისმიერი სახით თანამშრომლობა მუშაობისას და ზურგით არ ვუდგები აზრიან და საფუძვლიან კრიტიკას. მოგმართავთ აქ წარმოდგენილ ოპოზიციას, ნურც თქვენ დაუდგებით ზურგით რეალობას, იფიქრეთ არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე თქვენივე მომხრეების თვალში, არამედ თბილისის სასიკეთო საქმეებზე, სადაც პირველ რიგში, ადამიანები, მოქალაქეები ცხოვრობენ. მე კარგად მესმის, როდესაც სიცოცხლით სავსე ქალაქი არ გსიამოვნებთ. ჩემო მეგობრებო, კი არ უნდა გწყინდეთ და გაბრაზებდეთ ეს, თუ მართლა გაღელვებთ თბილისის ბედი, არამედ უნდა ითხოვდეთ ამ ჩანაფიქრის რეალიზებას და მასში მონაწილეობას. დღეს დედაქალაქი ისეთ მდგომარეობაშია, საქმე მართლაც ყველას ეყოფა. ვინმე კარებს რომ გიკეტავდეთ, ფანჯრებიდან უნდა შედიოდეთ, თუ ამის გაკეთების სურვილი გაქვთ. არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქის გარდაქმნაში მიიღოთ მონაწილეობა, კი ბატონო, არ არის პრობლემა. საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით, ეგეც წააგდება ჩვენს დედაქალაქს,“- განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები