21 იანვარი 2018,   06:20
ვრცლად
მოლაპარაკება მხოლოდ ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზეა შესაძლებელი - სააკაშვილის თანაგუნდელები პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ 

კიევში ხვალ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.  უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანს ელოდებიან, დღეს კი უკრაინული პრესა ალაპარაკდა, რომ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს დაზავება და მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.

ახალ ძალთა მოძრაობის წევრები უკრაინაში რუსულ ინტერესებზე ამახვილებენ ყურადღებას. პარტიაში ამბობენ, რომ პუტინი ცდილობს, არსებული პოლიტიკური კრიზისი სათავისოდ გამოიყენოს. სააკაშვილის თანაგუნდელები აცხადებენ, რომ საჭიროა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს. 

„უკრაინას ჰყავს გარემტერი და მისგან მომდინარე აგრესია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი პუტინმა სათავისოდ გამოიყენოს. მეორეს მხრივ, ამ კრიზისის მოსაგვარებლად საჭიროა, ხელისუფლებასა და  ოპოზიციას შორის მოლაპარაკება დაიწყოს. მსოფლიოში არსებობს მაგალითები, თუ როგორ ხდება მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაბარების პროცესი. ასეთი იყო ხავერდოვანი რევოლუცია, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს ევროპაში მოხდა. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული მოდელი, რომელიც მოიცავს მრგვალ მაგიდას, სადაც ხელისუფლება და რეალური ოპოზიცია ათანხმებს ძველი სისტემიდან ახალზე გადასვლის პირობებს. ამ მოდელმა პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი ევროპულ გაერთიანებაში შეიყვანა და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ,“ - განაცხადა უკრაინის პარტია ახალი ძალების მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ვლადიმერ ფედორინიმ.

სააკაშვილის გუნდის წევრები ამბობენ, რომ დღეს უკრაინაში არსებობს პოლიტიკური კრიზისი, რომლის მოგვარების ერთადერთი გზა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა.

„ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულებით, ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. სხვა საკითხებზე მოლაპარაკებაზე საუბარიც ზედმეტია. როგორ უნდა მოხდეს გადაბარება, ამაზე საჭიროა ლაპარაკი მათთან, ვინც ხელისუფლებაშია, მაგრამ ესენი არიან მატყუარები და თაღლითები, რომლებიც ხელისუფლებაში ხალხის სისხლის ფასად მოვიდნენ. შესაბამისად, ეს უნდა გავითვალისწინოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ამოცანას თავს გაართმევს,“ - აცხადებს უკრაინის პარტია ახალი ძალების მოძრაობის წევრი, დაევგენი ლუკიანცევი.

 

დღის ამბები