19 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
„ქართულ ოცნებაში“ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ელოდებიან - ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

„ქართულ ოცნებაში“ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ელოდებიან. მმართველ გუნდში აქცენტს სტატუსის მიუხედავად, კანონის წინაშე თანასწორობაზე აკეთებენ.

“თუ ყოფილი პრეზიდენტობა ან ის, რომ შენ შეიძლება მომავალში დიდი პოლიტიკოსი გახდე, შენ გათავისუფლებს დანაშაულის შემთხვევაში სასჯელისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევქმნით სამართლებრივ სახელმწიფოს და თუ სააკაშვილი არის დამნაშავე, მე მიმაჩნია, რომ ის არის დამნაშავე, მან უნდა აგოს პასუხი საქართველოს კანონმდებლობით, ისე, როგორც ეს ხდება ნებისმიერი სხვა მოქალაქის მიმართ, ვინც ჩადის დანაშაულს და დღეს იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,“ - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ლიდერის გადმოცემის შემთხვევაში, კიევი კანონს დაარღვევს. „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს აანონსებს.

„თუ დაიწყება ექსტრადირების პროცესი, ეს პროცედურები არ იქნება სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული. ეს იქნება პირდაპირ დარღვევა საერთაშორისო ნორმების და ასევე უკრაინის კანონმდებლობის. უნდა ვუთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე ეხვეწებოდა უკრაინის ხელისუფლებას, არ ეხილათ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე პროცესების დასაწყისი საქართველოში,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოშიც“.

„ქართულმა ოცნებამ" ვერ გამოიტანა დასკვნები ამ წლების განმავლობაში, რომ პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრები აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და ასევე დემორალიზებას უკეთებს სახელმწიფო ინსტიტუტებს,“ - აცხადებს სერგო რატიანი.

დღის ამბები