23 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
"ქურთუკის ფერი არ მოეწონათ, მცემდნენ, მოკვლას მიპირებდნენ..." - 10-საათიანი პატიმრობის შემდეგ ზვიად რატიანი გაათავისუფლეს

ზვიად რატიანმა, თითქმის, 10-საათიანი პატიმრობის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. ის სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

თავად პოეტი პოლიციას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

მას აღენიშნება გარეგანი ფიზიკური დაზიანებებიც, რომელიც, მისივე განმარტებით, სამართალდამცავებმა ხელკეტით მიაყენეს.

ზვიად რატიანი ამბობს, რომ მას 4 საათის განმავლობაში 8 პოლიციელი სცემდა. მიზეზი კი, რის გამოც ის გუშინ თამარ მეფის გამზირზე დააკავეს, მისი ქურთუკის ფერი იყო.

„რეიდი ჰქონია პოლიციას. ვიყავი მსუბუქად ნასვამი, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. არ ვიცი, მე რაც გავიგე, შეიძლება, სისულელედ ჟღერდეს, მაგრამ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. მცემდნენ ძირითადად თავში, რომელიც თმის ქვეშ ჩანს და ტანზე, სხეულზეც არის დაზიანებები. საათობით გრძელდებოდა მანქანაში ეს წვალება. პირდაპირი მნიშვნელობით მოკვლას მიპირებდნენ. მაშინებდნენ თუ აპირებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ. რამდენიმე უბანში რამდენიმე ადგილას დამატარებდნენ ქალაქში,“ - განაცხადა ზვიად რატიანმა.

ზვიად რატიანის ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე.

ანა ნასრაშვილის ინფორმაციით, ზვიად რატიანი დაკავებული იყო წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.

ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ, დღის პირველ ნახევარში, გაიმართება.  

შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანის საქმეზე შსს-ს გენინსპექციამ პირველადი მოკვლევა დაასრულა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველ ეტაპზე გამოიკვეთა ორივე მხარის ბრალეულობა, რის გამოც ერთ-ერთ პოლიციელს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები