16 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
აუდიტის სამსახურმა გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ფინანსური დარღვევები გამოავლინა

აუდიტის სამსახურმა გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დარღვევები გამოავლინა. მათ შორის საუბარია ფინანსურ დარღვევებსა და ნეპოტიზმზე.

დოკუმენტში ყვარლის საავადმყოფოც მოხვდა, რომელიც სარემონტოდ დაიხურა და აღარც გახსნილა. ადგილზე არც სარემონტო სამუშაოები ჩატარებულა. შენობის რეაბილიტაციისთვის 50 ათასი იყო გამოყოფილი.

ნახევარ მილიონზე მეტია გაფლანგული სახურავების პროგრამიდან.

2015 წელს სტიქიამ 900-ზე მეტი სახლის სახურავი დააზიანა, მათ შესაკეთებლად კი 2.5 მლნი გამოიყო.

აუდიტმა აჩვენა, რომ ამ თანხიდან 157 ათასი ლარი მშენებელმა კომპანიამ ისე მიიღო, შესაბამისი სამუშაო არ შეუსრულებია. დამატებით წაიღო 52 ათასი ლარის მასალა, რომელიც არ გამოუყენებია. კიდევ 390 ათასი ლარის მასალა ნაჩვენებია მოსახლეობაზე გაცემულად, თუმცა არც ეს მასალაა გამოყენებული.

750 ათასი ლარი დაიხარჯა შინმოუსვლელთა სკვერზე. გამგეობამ ტენდერი ისე წარმართა, რომ ყველაზე მაღალი ფასის კომპანიას ხელოვნურად გაამარჯვებინა და შედეგად, 150 ათასი ლარით მეტი გადაიხადა სამუშაოში, რომელიც წლების დაგვიანებით ახლაღა სრულდება. თუმცა, უშუალოდ ფულის ხარჯვაზეც აუდიტს სერიოზული კითხვები აქვს.

აუდიტის დასკვნაში გურჯაანის მუნიციპალიტეტიც მოხვდა, სადაც ასევე არამიზნობრივი ხარჯები გამოვლინდა.

აუდიტორი მილიონზე მეტ ლარზე საუბრობს, რომლის ხარჯვა საბუთებით არ ჩანს და შესაბამისად ვერც იმის დადგენაა შესაძლებელი, რას მოხმარდა. 

 

 

დღის ამბები