17 აპრილი 2024,   02:00
ვრცლად
პოლიციელთა მხრიდან შესაძლო გადაცდენის ფაქტები - საია პროკურატურას, შსს-ს და გენერალურ ინსპექციას მიმართავს

„რიგ შემთხვევებში, საპოლიციო კონტროლის დროს პოლიციელები არ იცავდნენ კანონმდებლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და მოქალაქეების მიმართ იყენებდნენ ურთიერთობის უხეშ და დამამცირებელ ფორმებს,“ - ასე აფასებს საია საქართველოში 22-24 დეკემბერს განხორციელებულ საპოლიციო კონტროლს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2017 წლის 22-24 დეკემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჩატარდა, რა დროსაც ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და ასევე, იარაღები. ე.წ. რეიდების დროს დაკავებულია 127 პირი და საერთო ჯამში 52 000 პირი გადამოწმდა.

საია საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობებზე ამახვილებს ყურადღებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტები გამოვლინდა პოეტი ზვიად რატიანის, ასევე, ახმეტაში, ზუგდიდსა და ბათუმში განხორციელებული ე.წ. რეიდების დროს.

„გვსურს ასევე, აღვნიშნოთ, რომ პოლიციის საქმიანობა არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობის, საკუთრების უფლებებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სხვა უფლებებს. ამასთან, საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

"მნიშვნელოვანია, რომ საპოლიციო ღონისძიებები (სპეციალური საპოლიციო კონტროლი), რომელიც წარმოადგენს დანაშაულის/სამართალდარღვევის პრევენციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს, კანონმდებლობისა და პოლიციელთა ეთიკის ნორმების სრული დაცვით განხორციელდეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

საია შსს-ს მოუწოდებს, რომ საპოლიციო კონტროლის დროს დაიცვან მოქალაქეები უფლებები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რომ განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა პოლიციელთა საქმიანობაზე.

საია ასევე მიმართავს საქართველოს პროკურატურას, რომ ობიექტურად გამოიძიოს საპოლიციო კონტროლის დროს პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომები.

დღის ამბები