20 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
სუს-ი იმ მარშრუტს ასახელებს, რომლითაც სავარაუდოდ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში შემოვიდნენ

პანკისში სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასაჯაროებს აჰმედ ჩატაევსა და მის დაჯგუფებასთან დაკავშირებული გამოძიების შედეგების ნაწილს. უწყებაში დღეს განმარტეს თუ როგორ მოხვდნენ საქართველოში ერთი თვის წინ, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ტერორისტები.

სუს-ის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულები საქართველოში თურქეთიდან, სოფელ მარადიდის მიმდებარე ტერიტორიიდან შემოვიდნენ.

ეს სოფელი საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, მაჭახელას ხეობაში. „კურიერთან“ მოსახლეობა ყვება, რომ გამორიცხულია საზღვრის ჩუმად გადმოკვეთა, რადგან დგას კამერები და დამონტაჟებულია კონტროლის სისტემა.

ტერორიზმში ბრალდებულებს მაჭახელას ხეობიდან თბილისში მოსახვედრად ორი გზა ჰქონდათ, ერთი, მარადიდი-ბათუმი-ქუთაისი-თბილისი და მეორე, მარადიდი-ახალციხე-ბორჯომი-გორი-თბილისი.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია სამი ადამიანი - ახმედ ჩატაევი, ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, ასლამბეკ სოლთახმადოვი, რუსეთის მიერ ტერორიზმსა და ექსტრემიზმში ბრალდებითი ძებნილი და იბრაგიმ ადაშევი. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს თქვა, რომ დაკავებული არა საედ დუდაევი, არამედ ინტერპოლით ძებნილი, ოაიფ ბორზიევია. თუმცა, როგორ მოხვდა ინტერპოლით ძებნილი ბორზიევი საქართველოში ისე, რომ სამართლამდაცველებმა ვერ გაიგეს, ამ კითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს.

სუს-ი ამტკიცებს, რომ  ჩატაევის პირადი კომპიუტერიდან ამოღებულიო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ის და მისი დაჯგუფება, საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე, საელჩოებზე ტერაქტებს გეგმავდნენ.

ტერორიზმში ბრალდებულებს, ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, კიდევ ხუთი თანამზრახველი ჰყავდათ. ხუთივე დღეს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ არსებობდა სამალავები, რომლის შესახებ სუს-მა დაკავებულთა მობილურ ტელეფონებში შენახული ინფორმაციიდან შეიტყო.

ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაციიდან 1 თვე და 4 დღე გავიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები