20 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
დენის გაძვირებული ტარიფი თბილისსა და რეგიონებში - კომპანიების წარმომადგენლები შეუთანხმებელ საკითხებზე საუბრობენ

ახალ წელს მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფით ხვდება. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისელებისთვის დენის ტარიფი ერთნახევარი თეთრით იზრდება. მომავალი წლიდან ელექტროენერგიის საფასური იზრდება რეგიონებშიც და ის 1.28-ით მოიმატებს.

ტარიფის გაზრდის მიუხედავად, „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები საბოლოოდ კმაყოფილები არ არიან. სხდომის დასრულების შემდეგ მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ბევრი შეუთანხმებელი საკითხი დარჩა და ტარიფი გაანალიზებას საჭიროებს.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო უფრო მეტი. ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს შეუთანხმებელი საკითხები, აქედან გამომდინარე, ტარიფს გაანალიზება სჭირდება. ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ და ეს ტარიფი, რაც დადგენილია, ადეკვატური იყოს,“- განაცხადა ”ენერგო-პრო ჯორჯიას” რეგულირების მენეჯერმა, ილია მათიაშვილმა.

სემეკში კი ამბობენ, რომ დენის ტარიფი ადეკვატურია, მატება კი განპირობებულია მოხმარების გაზრდით და იმ დიდი ინვესტიციებით, რომლის ჩადებასაც ქსელის გასამართად მომდევნო სამი წლის განმავლობაში კომპანიები გეგმავენ.

„ძირითადი უთანხმოების საგანი, როგორც წესი, არის საოპერაციო დანახარჯები. ცხადია, რომ კომპანიები ითხოვენ ყველა იმ დანახარჯის ტარიფში ასახვას, რომელიც მათ გასწიეს გასულ პერიოდში. იმისთვის არსებობს მარეგულირებელი კომისია, რომ მოახდინოს დანახარჯების დეტალური ანალიზი და არ დაეთანხმოს, მათ შორის ხარჯების ნაწილს. სეთი მიდგომები დღეს დაფიქსირდა, გარკვეულ ნაწილში ჩვენ კომპანიებს არ დავეთანხმეთ, მაგრამ მთავარია, საინვესტიციო ვალდებულებები სრულად იქნა ასახული მოქმედ ტარიფში,“- განაცხადა ირინა მილორავამ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები