19 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
ტრაგედია ქუთაისში - გარდაცვლილი მუშების ოჯახის წევრების თქმით, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის 

ქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ მშენებლები საბაგირო ამწე მექანიზმით მაღალ სართულზე ასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ბაგირი გაწყდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე დაიღუპნენ.

შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. პარალელურად ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ.

მშენებლობა „იბერია სტარ გრუპს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი აღმაშენებლის გამზირზე მომხდარს მუშებს აბრალებს და ამბობს რომ მათ უსაფრთხოების ნორმები თავად დაარღვიეს, თუმცა ეს ამ კომპანიის მშენებარე კორპუსიდან მუშის ჩამოვარდნის მეორე შემთხვევა. ზაფხულში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამშენებლო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. კიდევ ერთი ფაქტი დღეს ბათუმში მოხდა. მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

დღის ამბები