23 აპრილი 2024,   19:42
ვრცლად
პანკისში, სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს წინასწარი პატირობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ პანკისში, სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე რუსლან ალდამოვისთვის, ბადურ ჩოფანაშვილისა და რამაზ მარგოშვილისთვის სასჯელის ზომად გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებულების დანაშაულებრივ ჯგუფთან რაიმე კავშირს დაადასტურებს.

„აღკვეთის ღონისძიების შესახებ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა თითქმის 4 საათს, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ეს არის ძალიან მოკლე პროცესი, რამდენადაც პრაქტიკა გვიჩვენებს. რაც არის იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მოსამართლეს გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. არ იყო საქმეში შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ქმნიდა მაღალი ალბათობის ვარაუდს და საფუძველს, რომ ეს ადამიანები მართლა იყვნენ უშუალო კავშირში დანაშაულებრივ ჯგუფთან,“ - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის, რუსლან ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

რაც შეეხება პროკურორს, ელიზბარ გოზალიშვილი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ მოსამართლეს ბრალდებულებისთვის პატიმრობა შეეფარდებინა.

„ჩვენს მიერ დასაბუთებული იქნა და ასევე სასამართლომ გაიზიარა ის გარემოება, რომ ბრალდებულები, არსებობდა საფრთხე მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, დანაშაულის ქმედების გაგრძელების და მათი ტერიტორიის დატოვების საფრთხეები,“ - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.

დღესვე განცალკევებით ჩატარდა ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ გორნაკაშვილის პროცესი. მასაც, დანარჩენი 3-ის მსგავსად პატიმრობა შეეფარდა.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ბრალი არ წარდგენია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები