25 აპრილი 2024,   08:34
ვრცლად
ულტიმატუმი შს მინისტრს და ბოიკოტი საზოგადოებრივ მაუწყებელს - მწერლები ზვიად რატიანის საქმის ადეკვატურ გამოძიებას ითხოვენ

ულტიმატუმი შინაგან საქმეთა მინისტრს და ბოიკოტი საზოგადოებრივ მაუწყებელს - მწერლები გიორგი გახარიას ერთკვირიან ვადას აძლევენ ზვიად რატიანის საქმის ადეკვატური გამოძიებისთვის. ისინი უწყებას და საზოგადოებრივ მაუწყებელს იმ ვიდეო მასალისთვისაც აკრიტიკებენ, რომელიც შსს-მ მაუწყებელს მიაწოდა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოგვიანებით აღნიშნული მასალა სატელევიზიო რეპორტაჟის დროს გამოიყენა.

მწერალ თეონა დოლენჯაშვილის განცხადებით, საინტერესოა, როგორ დაიწყო სამართალდამცავებს და პოეტს შორის დაპირისპირება.

„უზარმაზარი ორგანიზაცია უპირისპირდება ერთ კონკრეტულ ადამიანს, ის არის ჩაწიხლული, გაუბედურებული და სახედაკარგული,“ - განაცხადა დოლენჯაშვილმა.

მწერალი პაატა შამუგია საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩანაწერის ჩვენების გამო აკრიტიკებს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი მოიქცა, როგორც ყველაზე სამარცხვინო ტელევიზია საქართველოს ისტორიაში, იმიტომ, რომ სისტემის, ძალადობის გასამართლებლად მათ გაუშვეს შეკოწიწებული ფაბრიკაციული კადრები, რომლებშიც არაფერი ისეთი არ ჩანს ადმინისტრაციული დარღვევის გარდა,“ - განაცხადა პაატა შამუგიამ.

პაატა შამუგია აცხადებს, რომ პრემიერ კვირიკაშვილთან პარლამენტში დაკავშირებული ინციდენტი არანაკლებ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში, თუმცა, ის მაუწყებელმა არ გააშუქა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არის შსს-ს დამატებითი ქვეგანყოფილება, მას არანაირი კავშირი ტელევიზიასთან არ აქვს,“ - განაცხადა პაატა შამუგიამ.

პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამცავებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქმეზე მოკვლევას შსს-ს გენერალური ინსპექცია და პროკურატურაც აწარმოებს.

მწერლების გარკვეულმა ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში უჩივლა.

ამ წუთებში კულტურის სამინისტროში მიმდინარეობს მინისტრისა და მწერლების შეხვედრა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სამინისტროში შს მინისტრიც მივიდა. სხდომა დახურულია და შეხვედრის დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები