24 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულთა ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულ 4 პირს დღეს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმის მიუხედავად, რომ ბრალდებულები ერთი სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს და მათ ბრალი ერთი და იგივე მუხლით წაუყენეს, ზურაბ გორნაკაშვილის სასამართლო პროცესი დამოუკიდებლად გაიმართა.

გორნაკაშვილი ერთადერთია იმ 4 დაკავებულიდან, რომელმაც ბრალდებულის სტატუსით გამოძიებას ჩვენება მისცა და დღეს მხოლოდ მისი პროცესი დახურეს. გორნაკაშვილის საქმის ცალკე განხილვა ეჭვებს ბადებს სხვა ბრალდებულების ადვოკატებისთვის.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ერთმანეთს კარგად არ იცნობდნენ და ისინი არა ტერორიზმის ხელშემწყობი, არამედ ტერორიზმის მსხვერპლები არიან.

რამაზ მარგოშვილის, რუსლან ალდამოვის და ბადრი ჩოფანაშვილის პროცესი დღეს დახურული არ ყოფილა. თუმცა, მედიას პროცესის გადაღების უფლება მაინც არ მისცეს. სხდომაზე დასწრება შეეძლო ყველას, თუმცა ბრალდებულების დანახვა შეუძლებელი იყო, ისინი სპეცრაზმის ალყაში იყვნენ.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულთა ინტერესების დამცველები ფიქრობენ, დაკავებულებს არა პატიმრობა, არამედ გირაო უნდა შეეფარდოთ.

თბილისს და პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციისას დაკავებულების გარდა, ჩატაევთან კავშირის ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირი აიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ამავე საქმეზე თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქე, ცოლ-ქმარი დააკავეს. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ქმრის სახელი და გვარი, ეს არის  - გოჩა ალი საღინაძე. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური თბილისი მათ საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვს.

დღის ამბები