25 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
გეგუთის ციხის გარდაცვლილი პატიმრის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ბადრაგებმა ბლაგვი საგნის დარტყმით მოკლეს

გეგუთის ციხის გარდაცვლილი პატიმრის დედა, რუსუდან გელაშვილი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს. რუსუდან გელაშვილი ამტკიცებს, რომ მისი შვილი მოკლეს, საქმიდან კი მტკიცებულებები გააქრეს.

ის ვარაუდობს, რომ 36 წლის კახაბერ გელაშვილი ქუთაისის ნომერ მეთოთხმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულების ბადრაგებმა ბლაგვი საგნის დარტყმის შედეგად მოკლეს. პატიმარი გელაშვილი 2016 წლის სექტემბერში 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პატიმრის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. დედას ეჭვი აქვს, რომ მისი შვილის ცემაში ბრალდებულ ციხის თანამშრომლებს სამინისტრო ხელს აფარებს.

ბრალდებებს უარყოფს სასჯელაღსრულების სამინისტრო, სადაც ამტკიცებენ, რომ პატიმრის გარდაცვალების მიზეზი, ანევრიზმა გახდა. ამ ვერსიის არ სჯერა პატიმრის ოჯახს. სამართალდამცველებმა ასევე, დააკავეს გარდაცვლილი პატიმრის ძმა. დავით გელაშვილს ბრალი პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით წაუყენეს.

რუსუდან გელაშვილი ამტკიცებს, მისი ვაჟი გარდაცვლილი ძმის საფლავიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც დააპატიმრეს. დავით გელაშვილის საქმე ახლა სასამართლოშია.

იმის გამო, რომ საქმის განხილვა უკვე მიმდინარეობს, შსს განმარტებებს არ აკეთებს. უწყებაში აცხადებენ, რომ გელაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები