25 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ

„რუსთავი 2"-ის იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ. მათი განცხადებით, სასამართლომ „რუსთავი 2"-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დაუსაბუთებელი არგუმენტებით უთხრა.

„გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. უსაფუძვლო არგუმენტებით გვითხრა უარი სასამართლომ ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. განსხვავებით გადაწყვეტილებისგან, ძალიან საინტერესო და დასაბუთებულია საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლის მიერ ჩამოყალიბებული განსხვავებული მოსაზრება,“ -  განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ე.წ. ამორალური გარიგების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „რუსთავი 2"-ის იურისტი აცხადებს, რომ მუხლის ბათილობა არხს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე სჭირდებოდა.

„მთავრობამ მიზანს მიაღწია, ვერ გამოაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება საერთო სასამართლოზე ადრე და შესაბამისად, დღეისთვის უკვე არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა „რუსთავი 2"-ის ინტერესებისთვის. თუმცა, ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილება არა „რუსთავი 2"-სთვის, არამედ ზოგადად, ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელშეკრულებას დებს და არ არის დარწმუნებული, ხვალ და ზეგ სასამართლო არ საფუძვლით ცნობს ბათილად მის მიერ დადებულ ხელშეკრულებას,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პლენუმმა სამაუწყებლო კომპანიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ე.წ. ამორალური გარიგების საქმის განხილვა ორ წელზე მეტია მიმდინარეობდა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მხოლოდ 5 ხმით მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი გიორგი კვერენჩხილაძემ, ირინა იმერლიშვილმა, მაია კოპალეიშვილმა და თამაზ ცაბუტაშვილმა არ დაუჭირეს.

დღის ამბები