19 აპრილი 2024,   10:05
ვრცლად
შსს-ში არსებული პრობლემები და გამოწვევები - არასამთავრობოებმა გიორგი გახარიას თავიანთი წინადადებები წარუდგინეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრისგან ბოლო დროის გახმაურებულ საქმეებზე პასუხები მოითხოვეს. გიორგი გახარია დახურულ კარს მიღმა ათამდე ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ მინისტრთან შეხვედრაზე პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე ისაუბრეს. ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ ამის გარდა, ასევე, ისაუბრეს ნარკოტიკების ჩადებაზე.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული აღნიშნავს, რომ შსს-ში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით მესამე სექტორმა გიორგი გახარიას რამდენიმე ინიციატივა მიაწოდა.

„განსაკუთრებით ეს ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საკითხს, ძალის გადამეტების პრობლემას. ზვიად რატიანის საქმე იყო ის საქმე, რომელზეც იყო საუბარი,“ - განაცხადა ვერძეულმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)“ აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი აღნიშნავს, რომ ძალოვან უწყებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამართული შეხვედრებს ერთჯერადი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს და PR-ზე არ უნდა იყოს გათვლილი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ტიპის გაცნობითი და პოზიციების დაფიქსირების ტიპის შეხვედრიდან გადავიდეთ სამუშაო ფორმატზე და ყველა ის მოსაზრება, რომელიც არსებობს აისახოს კონკრეტულ კანონპროექტებში, აისახოს კონკრეტულ რეფორმებში,“ - განაცხადა ზვიად დევდარიანმა. 

დღის ამბები