18 აპრილი 2024,   06:35
ვრცლად
"პოლიტიკური მართლმსაჯულება" - ხატია დეკანოიძეს სააკაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ელიან, რომ მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, რადგან, მათი შეფასებით, ამის შესახებ პოლიტიკური დაკვეთა არსებობს. განცხადება ხატია დეკანოიძემ გააკეთა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს დაესწრება.

სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისათვის პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების აქტი განიხილა. სწორედ ამას ედავება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს გამოძიება. დღევანდელს სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე უკვე გავიდა სათათბიროდ. როდის გამოცხადდება საქმეზე გადაწყვეტილება, ამ დროისთვის უცნობია. 

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მოსამართლე არევაძის მხრიდან მას ობიექტურობის იმედი არ აქვს. რაც შეეხება საქმის პროკურორს, დეკანოიძის შეფასებით, ირაკლი ნადარეიშვილი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.

„მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება ბრალზე, სადაც პირდაპირი მტკიცებულება არცერთი არ არის. ყველაფერი დაფუძნებულია ირიბ მტკიცებულებაზე, მათ შორის ბურჯანაძის და ოქრუაშვილის ჩვენებაზე. ყველაფერი დაფუძნებულია ჭორებზე. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, ამას ობიექტურ მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი არ აქვს,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები