24 აპრილი 2024,   06:00
ვრცლად
ჩატაევის დაჯგუფების ინტერპოლით ძებნილი წევრები, საქართველოში ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციემდე წითელი ცირკულარით ძებნილი ტერორისტები საქართველოში ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ქვეყანაში უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ. დღეს „კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ოპერაციისას ლიკვიდირებული და დაკავებული ჩატაევის დაჯგუფების წევრები ქვეყანაში ტურისტების სტატუსით შემოვიდნენ.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით მთელს მსოფლიოში ძებნილი 33 წლის ასლმაბეკ სოლთახმედოვი და მისი მეგობარი იბრაგიმ ადაშევი თბილისიდან პანკისის ხეობაში გადაადგილდებოდნენ, დუისის მეჩეთში ლოცულობდნენ და ადგილობრივებს ჩეჩენ ტურისტებად ეცნობოდნენ.

ირკვევა რომ საქართველოში თვეების განმავლობაში ტურისტის სტატუსით ჩატაევის დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი, ინტერპოლით ძებნილი 23 წლის ოაიფ ბორზიევიც ცხოვრობდა. „კურიერის“ ინფორმაციით ბორზიევიც თვეების განმავლობაში პანკისის ხეობაში ჩადიოდა და ადგილობრივებთან კომუნიკაციაც ჰქონდა. ის სამართალდამცველებმა 20 ნოემბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის წინა დღეს დააკავეს.

სუს-ში პანკისში დაკავებულ 4 პირთან დაკავშირებით მრავალტომიან საქმეში 58 ვიდეო და აუდიოჩანაწერი აქვთ. ვიდეოფაილებში ძირითადად ჩანს, როგორ ყიდულობენ დაკავებულები მაღაზიაში სურსათს ან როგორ გადაადგილდებიან თბილისში ქუჩებში. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ არცერთი ვიდეო ან სხვა მტკიცებულებით ჩატაევთან ან მისი დაჯგუფების წევრებთან დაკავებულების კავშირი არ დასტურდება.

უხუცესებთან შეხვედრაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ მათ უთხრა, რომ დაკავებულების საქართველოს რუსეთის საელჩოს აფეთქებას და საბავშვო ფესტივალზე ტერაქტს გეგმავდნენ თუმცა, ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ სოსო გოგაშვილმა უხუცესებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რადგან საქმის მასალებში ამის შესახებ ერთი სიტყვაც კი არ წერია.

დღეს პანკისის ხეობაში ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი ჩავიდა, ისინი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში მუშაობდნენ. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები