24 აპრილი 2024,   18:07
ვრცლად
სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია თბილისსა და პანკისში - ოპოზიცია ვახტანგ გომელაურს ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე იბარებს

გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია და სპეცოპერაცია პანკისში ამ დრომდე უამრავ პასუხგაუცემელ შეკითხვას ტოვებს. სწორედ პასუხებს ელოდება ოპოზიცია მთავრობის მეთაურისგან, რომელსაც პარლამენტში იბარებს.

სუს-ის მიერ ტერორიზმის გახმაურებულ საქმეზე მოგროვებული მასალები დაახლოებით, 2500-გვერდიან საქმეში, 58 ვიდეო და აუდიომტკიცებულებებს მოიცავს.

ოპოზიცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და დაგროვებული კითხვების გამო სუს-ის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე იბარებს.

ოპოზიციის ამ მოთხოვნას პოლიტიკური სპეკულაციების მორიგ მცდელობად მიიჩნევს მმართველი პარტია. უმრავლესობა არც პრემიერ-მინისტრისა და არც სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.

უმრავლესობის პოზიცია გაუგებარია ექსპერტებისთვის. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების დუმილი, ვითარებას კიდევ უფრო მეტად ძაბავს, რაც შესაძლოა, მთელი ქვეყნისთვის საბედისწერო შედეგით დასრულდეს.

დეპუტატები კითხვებზე პასუხს ასევე, გიორგი კვირიკაშვილისგან მოითხოვენ და მასაც ელოდებიან პარლამენტში.

ზამთრის არდადეგების შემდეგ საქართველოს პარლამენტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს მომავალი კვირიდან დაუბრუნდება.

სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ნდობის ჯგუფში დაბარების მოთხოვნას ოპოზიცია უკვე ბიუროს სხდომაზე დააყენებს.

დღის ამბები