19 აპრილი 2024,   22:51
ვრცლად
გარიგებულ საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი ​ციხიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

გარიგებულ საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ამ დროისთვის თიაქრის ოპერაცია უტარდება. ადვოკატის აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობის დამძიმება დიდმა სტრესმა გამოიწვია.

„თემურ დათიკაშვილის იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ციხის ადმინისტრაციამ რაკი გადაწყვიტა, რომ სასწრაფოდ უნდა გადმოეყვანათ ღუდუშაურის კლინიკაში საოპერაციოდ, ჩვენ ძალიან შევშფოთდით ამასთან დაკავშირებით. ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს იყო ძალიან დიდი სტრესის ფონზე განვითარებული. მე გუშინ ვნახე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ნორმალურად იყო სხვათაშორის, კარგად იყო. არანაირი ფიზიკური ზემოქმედება. უბრალოდ ცუდად გახდა უცებ და ვინაიდან იყო გვიანი ღამე და შეიძლება ციხის საავადმყოფოს არ გააჩნია ის რესურსი რისთვისაც შეიძლება ის გადმოეყვანათ საავადმყოფოში იმიტომ  მოხდა ეს საჭიროება რომ გადმოიყვანეს,“-განაცხადა დათიკაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" თანამფლობელი სამკურნალო დაწესებულებაში ციხიდან გუშინ საღამოს წაიყვანეს.

თემურ დათიკაშვილს და კიდევ ერთ დაკავებულს ვაჟა კვარაცხელიას გამოძიება გარიგებული თამაშების ორგანიზებაში ადანაშაულებს. გამოძიების ვერსიით საკალათბურთო შეხვედრების კონკრეტული შედეგებით დასრულებისთვის დათიკაშვილმა სხვა ბრალდებულებთან ერთად 36 000 ლარამდე სარგებელი მიიღო.

დღის ამბები