25 აპრილი 2024,   19:19
ვრცლად
წყლის და დენის ტარიფების მატება - "სემეკში" ყოფილი ენერგო ომბუდსმენის ბრალდებას არაკომპეტენტურს უწოდებენ

ყოფილი ენერგო ომბუდსმენის ბრალდებას, რომელიც "სემეკს" წყლის და დენის ტარიფთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პასუხობს.

გოჩა შონია ამბობს, რომ დავით ებრალიძის მხრიდან ეს განცხადება არის არაკომპეტენტური. მისი განცხადებით, ტარიფი განისაზღვრა ინოვაციური მეთოდოლოგიით, რომელსაც „წამახალისებელი სატარიფო რეგულირება“ ჰქვია.

„არის გარკვეული კომპონენტები სატარიფო ტარიფში, რომელიც გარკვეული პროგნოზით პროგნოზირდება. ვთქვათ, სახელფასო ნაწილი. იმიტომ, რომ ხელფასის ნაწილიც პროგნოზირებადია. შესაბამისად, კომისიას არანაირი საკანონმდებლო პრობლემა ამ თვალსაზრისით არ გააჩნია. მეტსაც გეტყვით, ჩვენ კანონში გვაქვს ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ინოვაციური მეთოდოლოგიების შემუშავებას, იმავე კანონში, იმავე მუხლში წერია. ჩვენ სწორედ ამ მუხლის საფუძველზე შევიმუშავეთ სწორედ ეს ინოვაციური მეთოდოლოგია, რომელსაც ჰქვია წამახალისებელი სატარიფო რეგულირება და სწორედ ამ მეთოდოლოგიამ დაადგინა ეს ძირითადი პრინციპები,“ - განაცხადა გოჩა შონიამ.

დავით ებრალიძის მტკიცებით კი, "სემეკმა" კანონი დაარღვია, როდესაც დენსა და წყალზე ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება, კომპანიების მიერ დაგეგმილი სამომავლო ინვესტიციების ხარჯების გათვალისწინებით მიიღო.

ებრალიძე ამბობს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს უკვე გაწეული ხარჯები და არა სამომავლო დანახარჯი. 

დღის ამბები