20 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი უნდა დაასახელოს

რამდენიმე დღეში საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი უნდა დაასახელოს. ზუსტად 12 დღეში იუსტიციის საბჭოში საპრეზიდენტო კვოტით წარდგენილ ვახტანგ მჭედლიშვილს უფლებამოსილება ეწურება. ამ ეტაპზე ოფიციალურად კანდიდატების ვინაობა არ სახელდება, თუმცა კულუარებში კონკრეტულ გვარებზე საუბრობენ.

მათ შორის სახელდება ანა დოლიძე, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანია. „კურიერის“ ინფორმაციით, ამ პოსტზე განიხილებოდა პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძეც და ასევე "საიას" ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ კანდიდატთა შერჩევის კონკურსი დასრულებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციებში კი მიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა უნდა შეძლოს წინააღმდეგობა გაუწიოს სასამართლო სისტემაში არსებულ გაძლიერებულ ჯგუფებს.

„დღეს სასამართლო სისტემაში არიან გაძლიერებული ჯგუფები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ასევე, აჩენენ კითხვის ნიშნებს ზოგადად, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის, რომ კანდიდატი, რომელიც დასახელებული იქნება, იყოს ძალიან შეუპოვარი და მებრძოლი ადამიანი, რომელსაც ესმის ის გამოწვევები, რაც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს,“ - განაცხადა ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ბერაიამ.

იუსტიციის საბჭოში მყოფ კონკრეტულ მოსამართლეებზე, რომლებიც საკუთარ ინტერესებს ატარებენ სასამართლო სისტემაში, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორიც საუბრობს. ეკა გიგაური ამბობს, რომ პრეზიდენტის კანდიდატი უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც იბრძოლებს დამოუკიდებელი სასამართლოსთვის.  

„ზუსტად ეს კლანური სისტემა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს სასამართლო სისტემისთვის, იქ კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც ატარებენ თავიანთ ინტერესებს და არა საზოგადოების ინტერესებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ რამდენიმე ადამიანს, რომელიც უკვე არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და რომელიც იბრძვის უფრო დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, მათ შეემატოთ მნიშვნელოვანი და ძალიან ეფექტური ადამიანი. კანდიდატი, რომელიც შეძლებს მათ გვერდით ბრძოლას,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

დღის ამბები