19 აპრილი 2024,   11:16
ვრცლად
3-წლიანი პატიმრობა სააკაშვილს - ოპოზიცია პოლიტიკურ შურისძიებაზე, უმრავლესობა კი სამართლიან გადაწყვეტილებაზე საუბრობს

საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას პუტინის დავალების შესრულებად აფასებს. სააკაშვილი ოლიგარქიული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადება.

პრეზიდენტის ინსტიტუტის და კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი მარგველაშვილი. გიორგი მარგველაშვილი ღიად მიუთითებს, რომ არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი პრეცენდენტი არ არსებობს.

გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდის თავდასხმის სამიზნე ამ განცხადების გამო კიდევ ერთხელ გახდა. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ შეწყალების საქმეზე გამოტანილი განაჩენის შეფასებაში, პრეზიდენტმა იჩქარა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები კი გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

საქალაქო სასამართლოში გამოცხადებულ განაჩენს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის, პოლიტიკურ განაჩენს უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში.“

საერთაშორისო სამართალში უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს დილით მიიღო. ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებას ელოდება საქმეზე, რომლითაც საქართველო დღეიდან ის ქვეყანა გახდა, სადაც პრეზიდენტს შეწყალების გამო ასამართლებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები