25 აპრილი 2024,   03:47
ვრცლად
"საქართველოს ფოსტიდან" გათავისუფლებული 42 პირისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა

საქართველოს ფოსტაში დასაქმებული 42 პირის გათავისუფლება სასამართლომ არაკანონიერად სცნო. სამსახურში აღგდენასთან ერთად, საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელობას მათთვის კომპენსაციის გადახდაც დაეკისრათ, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდება.

43 ადამიანი სამსახურიდან შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის, ბრძანებით გათავისუფლდა. 2013 წლიდან დღემდე სასამართლომ თითოეულის საქმეზე იმსჯელა და დაადგინა, რომ მათი სამსახურიდან გაშვება არასამართლიანი იყო.

ერთი გათავისუფლებულისთვის გადახდილი თანხა 4500-დან 50 ათას ლარამდე მერყეობს. ჯამში, მხოლოდ საქართველოს ფოსტის დაზარალებულების მორალური ზიანის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების ავტორი - ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელის პოსტზე 2013 წელს დაინიშნა. ის პარალელურად ლატარიის კომპანიის დირექტორიც იყო. სწორედ ამ სტატუსით შესწირა ჩიკვაიძემ 2013 წლის მაისში ქართულ ოცნებას 20 ათასი ლარი.

საქართველოს ფოსტამ კურიერს დამატებითი წერილობითი განცხადებაც გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის 12 ივნისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ძირეულად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა დასაქმებულის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, სასამართლომ სახელმწიფო უწყებებს უკანონოდ გათავისუფლებულებისთვის კომპენსაცია მხოლოდ 2017 წელს 600 ათას ლარამდე დააკისრა.

 

 

 

ავტორი: თეა ვარშალომიძე

დღის ამბები