19 ოქტომბერი 2018,   03:32
ვრცლად
სერგო რატიანი გიორგი მარგველაშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

„ყველა თანხმდება, რომ დღევანდელი აქტი იყო პოლიტიკური დევნის გამოხატულება და ფაქტობრივად, ეს არის მართლაც, პარადოქსული საქმე,“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სერგო რატიანის თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ისეთი პირები, რომლებიც ჯაშუშობაში იყვნენ ბრალდებულები და რელიგიური ექსტრემისტები.

„ამ მთავრობას ჰყავს გათავისუფლებული ჩატაევი. ჩატაევის გათავისუფლების თანამონაწილეები არიან, პროკურატურამ გაათავისუფლა ჩატაევი ანუ ტერორიზმში ბრალდებული ადამიანი, რომელმაც შემდგომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა. ბედუკაძე ჰყავთ გათავისუფლებული,“ - აცხადებს რატიანი.

სერგო რატიანის თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის გასამართლება უკრაინაში მიმდინარე პროცესების პარალელურად მოხდა.

რატიანის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელი პროცესი სწორად შეაფასა. მან პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართა.

„ჩვენ გვექნებოდა ასე ვთქვათ, მოწოდება და იქნებოდა სწორი ნაბიჯი დღევანდელი პრეზიდენტის მხრიდან, შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი, რადგან ეს იქნებოდა ორი გზავნილი და ორი რამის დემონსტრირება,“ - განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, მარგველაშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება ინსტიტუციის დაცვის მაგალითი იქნება.

დღის ამბები