19 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
ახალი დეტალები მაჩალიკაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით - ოჯახის მტკიცებით, პანიკაში მყოფმა ძალოვანებმა შიშის გამო გაისროლეს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის შესახებ კურიერისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 19 წლის ახალგაზრდის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, სპეცოპერაციიდან მეათე დღეს აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის უმცროსმა დამ გაიხსენა სპეცოპერაციის ღამეს მათ სახლში სპეცრაზმელებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

უმცროსი დის მონაყოლის მიხედვით ირკვევა, რომ ერთ-ერთი სპეცრაზმელისთვის იარაღის წართმევას ცდილობდნენ. მალხაზ მაჩალიკაშვილის მტკიცებით, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პანიკაში მყოფმა ძალოვანებმა შიშის გამო გაისროლეს.

მამის ეს განცხადება მოულოდნელი იყო ოჯახის ადვოკატისთვის. მარიამ კუბლაშვილს ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით თემირლან მაჩალიკაშვილის და არ გამოუკითხავს.

ამ დრომდე გაურკვეველია, როდის გადაიყვანენ თემირლან მაჩალიკაშვილს ავსტრიის ერთ-ერთ კლინიკაში. როგორც უკვე ცნობილია, კლინიკამ მზადყოფნა გამოთქვა პაციენტის მიღებაზე, თუმცა, ექიმები აცხადებენ, რომ მისი ტრანსპორტირება გარკვეულ რისკებს შეიცავს. ოჯახი რისკების შესახებ ინფორმირებულია.

ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო დღეების განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებთან. უწყება ასევე ელოდება პასუხს თურქეთიდანაც.

სად და როდის გადაიყვანენ თემირლან მაჩალიკაშვილს, გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებთან შეთანხმებით მიიღებს.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები