16 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
ლილოს დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილი შენობების დემონტაჟი - "უცნობის" ოჯახის საქმის ახალი დეტალები

ლილოს დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილი შენობების დემონტაჟის საქმეზე, რომელთან კავშირსაც მომღერალ "უცნობის" სიძე გიორგი შარაშიძე კატეგორიულად უარყოფს -  "კურიერმა" გაარკვია ის კომპანია, რომელმაც შარაშიძის „კონსტრაქტ ვიჟენის“ დაკვეთით დემონტაჟი განახორციელა.

რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ მომღერალ უცნობის სიძემ შპს "გრანდთან" და მის მფლობელთან ვასილ ცოფურაშვილთან თანამშრომლობა დაადასტურა. "კურიერის" ინფორმაციით, გიორგი შარაშიძემ ცოფურაშვილის კომპანია ლილოს დასახლებაში შენობების დემონტაჟისთვის გამოიყენა. პირობის მიხედვით, დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიიდან გატანილი ჯართის ჩაბარების შედეგად აღებული თანხა "უცნობის" სიძის კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხებოდა. შარაშიძე დემონტაჟს უარყოფს, ამბობს რომ ხელშეკრულება ცოფურაშვილთან გააფორმა, თუმცა სულ სხვა მიზნით.

"კურიერის" ინფორმაციით, შპს "გრანდის" მფლობელის ჩვენება უკვე დევს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების მასალებში.

ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ლილოს დასახლებაში მიწის ნაკვეთზე არსებული შენობების ნგრევის უფლება არასდროს, არცერთი კომპანიისთვის არ მიუციათ.

კითხვებზე პასუხს ელოდება ოპოზიციაც. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი შეისწავლა, რამდენიმე მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ის, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ახლა მხოლოდ ნანგრევებია, "კურიერმა" რამდენიმე კვირის წინ დაადგინა. სწორედ „კურიერმა“ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი შარაშიძემ ეკონომიკის სამინისტროსგან ტერიტორია ნაგებობებთან ერთად ჩაიბარა, უკან კი მხოლოდ მიწა და შენობის ნანგრევები დააბრუნა. 

დღის ამბები