11 დეკემბერი 2018,   05:33
ვრცლად
"იარაღი გავისროლეთ... თავს გვესხმოდნენ..." - სასამართლო პოლიციელების მოქალაქეებზე ძალადობის საქმეს განიხილავს

რუსთავის საქალაქო სასამართლო ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ორი ყოფილი პოლიციელის საქმეს განიხილავს. საუბარია 2017 წლის 12 ნოემბერს, რუსთავში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პროკურატურის ვერსიით, დაზარალებული ღონღაძე მეგობრებთან ერთად იდგა მაღაზიასთან, რა დროსაც უბნის ინსპექტორებმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოქალაქეებმა სამართალდამცავებს განმარტებები სთხოვეს თუ რის საფუძველზე უნდა დაეტოვებინათ მათ აღნიშნული ტერიტორია, რასაც პოლიციელების მხრიდან აგრესია მოჰყვა.

ყოფილი სამართალდამცავების ბესიკ ბეგიაშვილის და ირაკლი დარჩიაშვილის მიმართ პროკურატურა წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ შესაძლოა მოხდეს დაზარალებულებზე ზემოქმედება მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ერთ-ერთი დაკავებულის ძმა დაზარალებულებს სთხოვდა, გაეტანათ საჩივარი.

პროკურატურის ეს მოთხოვნა გააპროტესტეს ბრალდებულებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათი წინასწარი პატიმრობის აუცილებლობა არ არსებობს. 

„ჩვეულებრივად ვმუშაობდით და როგორც მოქმედი პოლიციელი ისე დაგვაკავეს. არანაირ არც გამოძიებას დავმალულვარ, არც როცა გვიბარებდნენ და გვირეკავდნენ, ვმუშაობდით თუ ვისვენებდით, ჩვეულებრივად იმ დროზე, იმ წუთზე ვცხადდებოდით და კითხვას ვსვამ -  საფრთხე რა არის? მოქმედი თანამშრომლები ვიყავით და საფრთხე არ ყოფილა და ახლა რა არის, განსაკუთრებით უფლებამოსილება, რომ შეგვიჩერეს ახლა ექმნებათ საფრთხე? თუ ის დადგინდა, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ, ჩვენ ჩვეულებრივად პასუხს ვაგებთ. მაგრამ, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ. იმიტომ, რომ არ გვიცემია, როგორ ექსპერტიზის დასკვნა არის. როგორ? წიხლებით ვცემეთ ადამიანი ორმა კაცმა 10 წუთის განმავლობაში და ერთი ნაკაწრიც არ აქვს? - განაცხადა ბრალდებულმა.

რაც შეეხება იარაღების გასროლას, ყოფილი პოლიციელები ამბობენ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი გაისროლა და ამის საფუძველი იყო მოქალაქეების მხრიდან თავდასხმა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი აცხადებს, რომ ინციდენტს რომელსაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ედავება ადგილი არ ჰქონია და ეს დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით.

რაც შეეხება ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულ მასრებს, ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი საერთოდ არ აქვს.

„იარაღის მასრები კი არის ნაპოვნი, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღის ტარების უფლებაც კი არ ჰქონდა. ანუ, იარაღი არ აქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვერ მოედავებიან იმას, რომ შენ იარაღის გამოყენებით ჩაიდინე აღნიშნული ქმედება,“ - განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა. 

დღის ამბები