22 ივნისი 2018,   17:14
ვრცლად
ოპოზიცია პანკისში ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია მმართველ გუნდსა და ოპონენტებში განსხვავებულ შეფასებებს იმსახურებს. პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, რომ გაცილებით მეტი კითხვა არსებობს ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ვიდრე პასუხები არის გაცემული.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ კითხვა კი დღეს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხოდ დატოვა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დღეს დუმილი არჩიეს მინისტრთა ნაწილმა. მინისტრების ნაწილმა კი თქვა, რომ სპეცრაზმს გადამეტებული ძალა არ გამოუყენებია და საკუთარ საძინებელში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ნასროლი ტყვია, სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილი იყო.

ოპოზიციამ დღეს ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი დააყენა. ისინი უკვე ორი თვეა, სუს-ს სთხოვენ განმარტებას, როგორ აღმოჩნდა საერთაშორისო ტერორისტთა სიაში მყოფი აჰმედ ჩატაევი, საქართველოში.

ოპონენტების ბრალდებებში დღეს უმრავლესობა პოლიტიკურ ინტერესს ხედავს და ოპოზიციას სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაში ადანაშაულებს.

პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლის უფლებას ეხება, ობიექტური გამოძიების ჩატარება აუცილებელია.

მოხვდება თუ რა ანტიტერორისტული სპეცოპერაცია პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლაში, ჯერ უცნობია. პარლამენტი, რომელიც სამ კვირაში შეიკრიბება, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენების თარიღს თვის ბოლოს დაადგენს. 

დღის ამბები