22 ივნისი 2018,   17:14
ვრცლად
გლოვის დღე პანკისში - ხეობა 19 წლის ახალგაზრდის საქმის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმემ მთელი პანკისის ხეობა გააერთიანა. ყველას ხელისუფლების მიმართ ერთი გზავნილი აქვს - 19 წლის ახალგაზრდის საქმის სასწრაფო გამოძიება. დუისში განმარტებას ითხოვენ, რატომ ესროლა მაჩალიკაშვილს სპეცრაზმმა და რატომ ვერ მოახერხეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ახალგაზრდის სროლის გარეშე დაკავება.

პანკისში დღეს გლოვა იყო. თემირლან მაჩალიკაშვილი ხეობამ უკანასკნელ გზაზე გააცილა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დუისის სასაფლაოზე, ბაბუის გვერდით დაკრძალეს.

2 დღიანი დუმილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ შვილის დაკრძალვის წინ დაარღვია. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელისუფლებას მიმართა და მის სახლში, 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის ხელმძღვანელისა და იმ სპეცრაზმელის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა, ვინც მისი შვილი საწოლში ჩაცხრილა.

თბილისიდან პანკისში დღეს ხელისუფლებიდან არავინ ჩასულა. გარდაცვლილის ოჯახს მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მიუსამძიმრეს.

დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართა. 

ხელისუფლებას პანკისიდან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება მოსთხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 26 დეკემბერს დაიწყო. მაჩილკაშვილების ადვოკატი გამოძიების განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირების მოთხოვნით, პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავს.

 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები