20 აპრილი 2024,   15:15
ვრცლად
სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი და კარიერულ წინსვლაზე უარი - არევაძის გადაწყვეტილებამ იუსტიციის საბჭოში კითხვები გააჩინა

შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 3 წლიანი პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე დღეში მოსამართლე გიორგი არევაძემ კარიერულ წინსვლაზე უარი თქვა. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე მან იუსტიციის საბჭოდან მოულოდნელად განაცხადი გაიტანა და უვადოდ განმწესების კონკურსს გამოეთიშა.

მოსამართლის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს კითხვები გაუჩინა. საბჭოს წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ არევაძეს უვადო მოსამართლეობის შანსზე უარი საკუთარი სურვილით არ უთქვამს და მას ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს.

ნაზი ჯანეზაშვილმა „რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის შემთხვევა გაიხსენა, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე მიღებული ხმაურიანი გადაწყვეტილების შემდეგ საბჭომ უვადო მოსამართლეობაზე უარი უთხრა.

ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის რეზონანსული განაჩენის შემდეგ, გიორგი არევაძეც სისტემის მიღმა დარჩეს. მოსამართლე არევაძის კონკურსიდან გათიშვა მოულოდნელი იყო იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისთვისაც.

იუსტიციის საბჭოს წევრებმა დღეს მოსამართლეები 34 ვაკანტურ ადგილზე დანიშნეს. ნაწილი უვადოდ, ნაწილი კი 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით. მოსამართლის მანტიას მოირგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი.

სასამართლო სისტემაში ვაკანტური სულ მოსამართლის 52 თანამდებობა იყო, თუმცა დღეს საბჭომ მხოლოდ 34 ადგილის შევსება შეძლო, დანარჩენი პოზიციები ისევ ვაკანტურია. 

 

  

ამავე თემაზე
დღის ამბები