20 აპრილი 2024,   12:24
ვრცლად
ბექა ხახუბიას საქმის განხილვა - ბრალდებული პატრულ-ინსპექტორების ადვოკატმა დარბაზი დატოვა

საპატრულო პოლიციის დევნისას გორის გვირაბთან დაღუპული ბექა ხახუბიას საქმის განხილვის დროს სასამართლო პროცესი ბრალდებული პატრულ-ინსპექტორების ადვოკატმა დატოვა. ნოდარ ცინცაძის პროტესტის მიზეზი, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გახდა.

ადვოკატის მტკიცებით, ბრალდება მოსამართლეზე ემოციურ ზემოქმედებას ცდილობდა. გორის სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს განიხილავდნენ.

„მე ვიშუამდგომლე სასამართლოს წინაშე, რომ მე დამეტოვებინა და არ მენახა ის კადრები, რომლის ყურებაც, კიდევ ვიმეორებ, სამართალთან არაფერ კავშირში არ არის, არავითარ ფაქტობრივ გარემოებას არ ადასტურებს, გარდა იმისა, რომ გარდაცვლილი ბექა ხახუბია ამ შეჯახების დროს გარდაიცვალა და ბუნებრივია, ამის ყურება ჩვენ არაფერს არ მოგვცემს,“ - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.

პროკურორი, დავით ყაზარაშვილი აღიშნული კადრებით ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენის მცდელობას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ჩანაწერი ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს.

ვიდეო ჩანაწერი ერთ-ერთი საპატრულო ეკიპაჟის სამხრე კამერითაა გადაღებული. მასალაზე ჩანს ხახუბიას ავტომობილის დევნის მომენტი, მათ შორის, აგარის მონაკვეთზე. დაცვის მტკიცებით, ჩანაწერი ადასტურებს, რომ მძღოლმა რამდენჯერმე დაარღვია მოძრაობის წესები და შემქნა სახიფათო ვითარება.

ბრალდება პატრულ ინსპექტორებს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, რასაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

დღის ამბები