25 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონი - სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას ურჩევს 

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი - არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას ურჩევენ. სამოქალაქო სექტორმა საკუთარი პოზიცია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან კიდევ ერთხელ აცნობენ. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი კანონში სამ ძირითად პრობლემას ასახელებს. საქმე ეხება შესყიდვების საერთო სისტემიდან გასვლას, სტარტაპებს და კომერციულ რეკლამას.

„ძირითადად არის სამი საკითხი, რის გამოც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყოს ეს კანონი ამ ფორმით მიღებული. ეს გახლავთ შესყიდვების საერთო სისტემიდან გასვლა, როდესაც მაუწყებელს ექნება შესაძლებლობა, რომ გადაცემები და მასთან დაკავშირებული მომსახურებები შეისყიდოს ერთიანი სისტემის გარეშე. ასევე, მეორე საკითხი არის რეკლამა და უფლება, რომ მან რეკლამიდან შემოსავალი გაზარდოს და მესამე, გახლავთ სტარტაპების საკითხი, რომელიც სრულიად ბუნდოვანია დღემდე,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

მაუწყებლის შესახებ კანონის გამო, მმართველ გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე ამახვილებს ყურადღებას რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ნათია კუპრაშვილის განცხადებით, მაუწყებლის შესახებ კანონმა მმართველი გუნდი ორად გაყო. კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ ვეტოს შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობას ვითარებაში გარკვევისთვის მეტი დრო ექნება.

„საერთოდ არალოგიკური პროცესი იყო კანონშემოქმედებითი, იმიტომ, რომ წამყვანი კომიტეტის აზრი არ გაითვალისწინა პარლამენტმა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტარების გარკვეულ ნაწილს არ ჰქონდა დრო, დეტალურად გარკვეულიყო, რა საფრთხეების შემცველია ეს კანონპროექტი. შესაბამისად, თუ არ იქნება ხელმოწერილი კანონპროექტი, ვფიქრობ, რომ უმრავლესობას ექნება მეტი დრო უკეთესად გაერკვეს,“ - აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული სადავო კანონის მიხედვით, რომელიც ბიუჯეტიდან 52 მილიონი ლარით ფინანსდება, მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობასაც აძლევს.

დღის ამბები