20 აპრილი 2024,   17:08
ვრცლად
დანგრევისათვის განწირული მეჩეთი მოხეში - მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვა ოფიციალურად არ არის გაცემული

დანგრევისათვის განწირული მეჩეთი მოხეში - რამდენიმეწლიანი დაპირისპირების შემდეგ მუსლიმი მრევლი ადიგენის რაიონში მალე ღია ცისქვეშ აღარ ილოცებს. მეჩეთის მშენებლობა დაიწყო, ოღონდ არა იმ სადავო ადგილას, რომელიც უკვე წლებია, მოხეს მუსლიმ და ქრისტიან მრევლს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება.

ახალი სამლოცველო ნაგებობა სადაო შენობიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას. მოხეს კომისიამ არც ერთ რელიგიურ კონფესიას არ მიაკუთვნა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაეცა.

მოხეს მცხოვრებლები ამბობენ, რომ მეჩეთის მშენებლობა, თითქმის, დასრულებულია, თუმცა, ახლა ირკვევა, რომ მშენებლობის ოფიციალური ნებართვა, რომელიც ადგილობრივ მთავრობას უნდა გაეცა, არ არსებობს.

ეჭვი იმის შესახებ, რომ გადაცემულ მიწაზე მშენებლობის ნებართვა ხელისუფლებას ოფიციალურად არ გაუცია, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს გაუჩნდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ორგანიზაციას ადიგენის მერიამ დაუდასტურა.

ადგილობრივები, რომლებმაც ამის შესახებ შემთხვევით გაიგეს, მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომა არ უნდა იყოს. მოხეში მცხოვრები მუსლიმების ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური ნებართვის გარეშე, მათ მშენებლობის ნებას არავინ დართავდა.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების გააზრებულ თუ უნებლიე ქმედებას შესაძლოა, ნაღმის ეფექტი ჰქონდეს.

მუსლიმთა სამმართველოში მშენებლობის ოფიციალური ნებართვის არარსებობასთან დაკავშირებით არაფერი იციან. თუმცა, მუფტი ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, რომ საკითხი სახელმწიფოს დონეზეა გადაწყვეტილი.

უფლებადამცველები ახსნა-განმარტებებს რელიგიის საკითხთა ეროვნული სააგენტოსგან ელოდებიან. სააგენტოში დღეს განმარტებები არ გაკეთებულა.

მოხეში მეჩეთის მშენებლობა კი გრძელდება და ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ გაზაფხულიდან ახალ მეჩეთში ღვთისმსახურების სრულფასოვნად ჩატარებას შეძლებენ.

დღის ამბები