16 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
მერიაში ხელფასების ზრდა - კახა კალაძის განცხადებას ოპოზიციასა და უმრავლესობაში ეხმაურებიან

დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მაღალჩინოსნების ხელფასები არ იზრდება და უბრალოდ ერთიანდება ხელფასი და დანამატი, საკრებულოს ოპოზიციამ უპასუხა.

კახა კალაძე ოპონენტებს და მედიას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დედაქალაქის მერს, წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. კალაძემ თქვა, რომ ისინი იტყუებიან, თუმცა იქვე დაამატა, რომ დიახ, პრემია და დანამატი გაერთიანდა და დაერქვა ხელფასი. ახალა საზოგადოებამ თავად განსაჯოს, ვინ იტყუება, კახი კალაძე, მერი რომელმაც დანამატებს და პრემიას დღეს ხელფასი დაარქვა და მაგალითად, თუ გამგებლის მოადგილეს ჰქონდა ათას 800 ლარი და გაუხდა 3 ათას 600, თუ იტყუება ოპოზიცია, რომელიც უბრალოდ ამას გადმოსცემს ის, როგორც არის,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ, ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა და ის ცვლილებები გააკრიტიკა, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა.

„როდესაც საქართველოს პარლამენტში იხილებოდა საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონი, ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ, რომ აღნიშნული კანონი დააკანონებდა იმ უსამართლო და უკანონო შრომის ანაზღაურების სისტემას, რომელიც უკვე შექმნილი იყო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების ზრდა არ ხდება.

„ეს არის კანონის მოთხოვნა, რომელიც 2017 წლის საჯარო კანონის შესახებ შევიდა ცვლილებები, სადაც კატეგორიების მიხედვით განისაზღვრა სახელფასო განაკვეთები. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ერთს მხრივ  ყოველთვიურად ღებულობდნენ ხელფასს და დანამატს და გაერთიანდა. 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 82 მილიონი ლარის ფარგლებში. ანუ თუ ზრდა არის, როგორც ისინი ამბობენ, 82 მილიონი ხომ უნდა გაიზარდოს? იგივე ხომ ვერ დარჩება,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულო დღეს ხმაურიანი განხილვების მოლოდინშია, სადაც დედაქალაქის მთავრობის ახალ ინიციატივაზე მსჯელობენ. ინიციატივის მიხედვით კი, მერიის მაღალჩინოსნების ხელფასები ორმაგდება.

დღის ამბები