20 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
"არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი ყოფილიყო მათ შორის სააკაშვილის ექსტრადირების თემაზეც," - უკრაინის პირველი გენერალური პროკურორი

იური ლუცენკოსა და საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის გიორგი გოგაძის შეხვედრას აფასებენ კიევში, სადაც ვარაუდობენ, რომ ამ შეხვედრაზე სწორედ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება განიხილებოდა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი, უკრაინის პირველმა გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შიშკინმა გააკეთა. ის არ გამორიცხავს, რომ შეხვედრის დროს, საუბარი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებაც ყოფილიყო.

"ახლა ზუსტად ვერ ვიტყვით, რას განიხილავდნენ ისინი შეხვედრაზე, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი ყოფილიყო მათ შორის სააკაშვილის ექსტრადირების თემაზეც. თქვენ იცით, რომ ჩვენი ხელისუფლება არასამართლებრივ ჭრილში მოქმედებს და მსგავსი რამ მათ საქმიანობაში სავსებით შესაძლებელია. არ მესმის, როგორ განიხილავენ საკითხებს შეხვედრაზე ზოგადად, ყველანაირი კონკრეტიკის გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, რომ საუბარი მასზეც ყოფილიყო,“ - განაცხადა ვიქტორ შიშკინმა.

ამავე თემაზე ისაუბრა უფლებადამცველმა, დარინა ტოლკაჩმა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დამატებითი დაცვა მოითხოვა უკრაინისგან და ასეთ შემთხვევაში კი, უკრაინის კანონდმებლობით, შეუძლებელია პირის გაძევება ან ექსტრადირება ქვეყნიდან. 

„ჩემთვის, როგორც უფლებადამცველთა საზოგადოების წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლება იყოს დაცული ნებისმიერი პირის კონტექსტში, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე. ჩვენ ვმუშაობთ დევნილთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის სფეროში და უდაოდ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელი იყოს იმ ადამიანის გაძევება ან ექსტრადირება, რომელიც დევნილის ან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მიღების პროცესში იმყოფება. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა ამ პროცედურას, მისი საქმეც განიხილეს. უკრაინის კანონმდებლობით კი, შეუძლებელია იმ პირის გაძევება და ექსტრადირება, რომლის მიმართაც საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭება განიხილება,“ - განაცხადა უფლებადამცველმა დარინა ტოლკაჩმა.

შეგახსენებთ, რომ ექსტრადირების თემაზე სასაუბროდ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის კიევში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკრაინის მთავარ პროკურატურაში დაადასტურეს.

შეხვედრა 12 იანვარს შედგა, თუმცა, ინფორმაცია მხოლოდ დღეს გავრცელდა. ამასთან, სააკაშვილის გვარი ოფიციალურ განცხადებაში ნახსენები არ არის.

უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებების თემა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება იყო.

 

დღის ამბები