24 აპრილი 2024,   04:57
ვრცლად
თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმე - ევროკავშირი აფგან მუხთარლის საქმის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს

ევროკავშირი თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს. ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ აფგან მუხთარლისთვის 6 წლიანი პატიმრობის შეფარდება, სერიოზულ კითხვებს აჩენს.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ის საქართველოს ხელისუფლებას მიუთითებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქვეყნიდან გაუჩინარების საქმე გამჭვირვალედ და დროულად გამოიძიოს.

ევროკავშირისგან განსხვავებით, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებით ნაკლებადაა დაინტერესებული მმართველი გუნდის ნაწილი. ნაწილს კი საერთაშორისო პარტნიორების მსგავსად კითხვები აქვს, თუმცა გამოძიების დაწყებიდან 8 თვის შემდეგაც, ქართული საგამოძიებო უწყებების კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავს.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ 8 თვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ გამოძიებას კონკრეტული შედეგი დაედო. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, კითხვები პასუხგაუცემელი დარჩება. 

მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ დროა ხელისუფლებამ საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს.

გამოძიებას სკეპტიკურად უყურებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესების დამცველი. ადვოკატი ფიქრობს, რომ მუხთარლის უფლებების აღდგენის ერთადერთი გზა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში, რამდენიმე დღის წინ, 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

 

 

დღის ამბები