19 თებერვალი 2018,   09:38
ვრცლად
„Freedom House“-ის ანგარიში - ხელისუფლება შენიშვნების გათვალისწინების მზადყოფნას გამოთქვამს 

„Freedom House“-ის ანგარიშს ქართველი კანონმდებლები ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მზად არიან გაითვალისწინონ შენიშვნები, რომლებიც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა, იმ შემთხვევაში თუ ისინი მოტივირებული იქნება.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით Freedom House-ის შეფასებებს. ეს საკმაოდ კომპეტენტური და მსოფლიოსთვის კარგად ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს. ყოველთვის კრიტიკული არის ანგარიში, ყოველთვის აქცენტები კეთდება მხოლოდ პრობლემებზე ქვეყნების განვითარების დინამიკაში და თუ ასეთი იქნება და იქნება აუცილებლად, ყურადღებით გავეცნობით და სამომავლოდ გავითვალისწინებთ,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

მთავრობას „Freedom House“ მიერ მომზადებულ ანგარიშში არსებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს ოპოზიცია. ოპონენტები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უარყოფითად შეფასებული სხვადასხვა მოვლენები, საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე დააზარალებს.

„კრიტიკა ან შენიშვნები პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და ამ კუთხით ბუნებრივია, აქ მოხსენიებული საკონსტიტუციო ცვლილებები ადეკვატურად არის დასმული, ასევე ძალიან ხმაურიანი ამბავი, რაც ეხება მუხთარლის საქმეს და ის საკითხები, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გათვალისწინება,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი.

Freedom house-ის მორიგ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შევიდა, რომლებიც 2018 წელს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები