18 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - ტერიტორიაზე მდებარე კამერები მწყობრიდან გამოსულია

საკუთარ კაბინეტში მოკლული გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება არ არსებობს. გამოძება ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოსაღებად მივიდა.

სამართალდამცველები ყველა იმ სავაჭრო ობიექტზე იმყოფებოდნენ, რომელიც შემთხვევის ადგილთან მდებარეობს. სათვალთვალო კამერას კი, სავარაუდო მკვლელის გადაადგილება უნდა დაეფიქსირებინა, თუმცა სამართალდამცველებმა ჩანაწერების ამოღება ვერ შეძლეს. ტერიტორიაზე მდებარე ორივე კამერა მწყობრიდან გამოსულია.

კონკრეტული თარიღი უცნობია, თუ როდის გამოვიდა კამერები მწყობრიდან. ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების დროს კამერები დაზიანდა და მათი შეკეთება ამ დრომდე არ მომხდარა.

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სამართალდამცველებს ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეები ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს შენობაში დაკითხვაზე გადაყავთ.

საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლული ყოფილი გენერლის ცხედარი ტაბახმელაში გვიან ღამით ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაასვენეს. გარდაცვლილს 6 ტყვია აქვს მოხვედრილი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძე, რომელიც რუსთავის ბაზარის ერთ-ერთი მოწილე იყო, საკუთარი წილის გასხვისებას გეგმავდა, თუმცა უკავშირდება თუ არა მკვლელობა ამ გარიგებას, ისევ უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები