17 აპრილი 2024,   00:59
ვრცლად
ძარცვა კანონის სახელით - საკრებულოში ხმაური დანამატის ხელფასში მოქცევის საკითხის განხილვას მოჰყვა

ხმაური საკრებულოს სხდომათა დარბაზში - ოპოზიცია თბილისის მერიის შრომითი ანაზღაურების გაზრდას აპროტესტებს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, იმ პირობებში, როდესაც თბილისში სოციალური დახმარება არ იზრდება, მერიის ჩინოვნიკებისთვის ანაზღაურების გაზრდა უსამართლობაა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მარიკა დათუკიშვილი უმრავლესობას დანამატის და ხელფასის გაერთიანების გამო აკრიტიკებს.

„თურმე კანონი მათრახით მოგსდევთ, რომ გინდა თუ არა სახელფასო ანაზღაურებისთვის დაგემატებინათ ის დანამატი, რომელსაც წლების განმავლობაში ღებულობდით თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები... ძალიან დიდი ბოდიში და ჩემი ნათქვამი, რომ საშოვარზე მოსული ხელისუფლება ხართ, ნუ გეწყინებათ,“ - აცხადებს დათუკიშვილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ანაზღაურების სისტემაში შესატან ცვლილებებს „ძარცვა კანონის სახელით“ უწოდა.

„იმას კი არ ამბობს კანონი, რომ 6300 ლარი უნდა იყოს, ის იყო ყველაზე მაღალი ჭერი და თქვენ რაც შეიძლებოდა რომ ეს ჭერი გამოგეყენებინათ, იმის შესაბამისად გაუზარდეთ ანაზღაურება,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერებს გიგი უგულავას მერობის პერიოდში გაცემული ხელფასის სქემა წარუდგინა. ირაკლი ზარქუას თქმით, ხარჯები კახა კალაძის მერობის შემთხვევაში, მერიის მაღალჩინოსნების ანაზღაურების კუთხით შემცირებულია.

დღის ამბები