19 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
გენერლის მკვლელობა - ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ადასტურებს, ჰყავს თუ არა გენერლის მკვლელობის საქმეზე ვინმე დაკავებული, თუმცა მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია 45 წლამდე მამაკაცი.

ცოტა ხნის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ადგილზე იმყოფებოდა სამუშაო ჯგუფი მთავარ მოწმესთან ერთად. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელმა ქუთათელაძის კაბინეტი უკანა კარით დატოვა და მესხიშვილის ქუჩით დატოვა მიმდებარე ტერიტორია. საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ, მთავარი მოწმე სამართალდამცველებმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

ვიდეო სათვალთვალო სისტემების ერთი ნაწილი 15 იანვარს გათიშული იყო, ნაწილი კი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მწყობრიდან გამოვიდა. კამერები განზრახ გათიშეს, თუ პროგრამული პრობლემების გამო საბედისწერო მომენტი ვერ ჩაწერა, ამ კითხვაზე რუსთავის ბაზრობის თანამშრომლებს პასუხი არ აქვთ.

კაბინეტი, სადაც ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი ქუთათელაძე მოკლეს, რუსთავის ბაზრობის შუა ნაწილში მდებარეობს, მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით სავაჭრო დახლია. მოვაჭრეები პოლიციამ უკვე დაკითხა, თუმცა მათ თქვეს, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ, ერთ-ერთი ვერსიით, დაქირავებული მკვლელი მაყუჩიანი პისტოლეტით მუშაობდა და მკვლელობაც წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რადგან ვერც ერთი მოწმე საეჭვო გარემოებაზე ვერ საუბრობს.

მოკლული გენერლის ცხედარი გვიან ღამით რუსთავის ექსპერტიზის ბიუროდან ტაბახმელაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. 

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება ახლა ორ ვერსიაზე მუშაობს, ერთ-ერთი რუსთავის ბაზრის წილების გამო დავას, მეორე კი შურისძიებას ეხება.

ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში გუშინ საღამოს იპოვეს მოკლული. მას 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ეროვნული გვარდიის სარდალი ბოლო წლები კერძო საქმიანობით იყო დაკავებული, იყო რუსთავში ე.წ. „სტამბოლის“ ბაზრის დირექტორი და მეწილე. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები