24 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი ჟენევის სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს - ავადმყოფობის გამო ექსპრემიერმა შვეიცარიაში ჩასვლაზე უარი თქვა

ბიძინა ივანიშვილი ჟენევის სასამართლოში დაკითხვაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიდის. საქართველოს ექსპრემიერმა ავადმყოფობის გამო შვეიცარიაში ხვალინდელ პროცესზე ჩასვლასთან დაკავშირებით უარი თქვა.

დღეს მიმდინარე პროცესის დეტალები ცოტა ხნის წინ გამოცემა „ლე ტემპსმა“ დაბეჭდა. სტატიიდან ირკვევა, რომ პროცესზე შვეიცარიული კომპანია ბიძინა ივანიშვილის დასწრებას კატეგორიულად მოითხოვდა, თუმცა, ადვოკატებმა თქვეს, რომ ივანიშვილი ავადაა და მათ, ხვალ, ამის დამადასტურებელი ცნობაც უნდა წარადგინონ.

დღევანდელ პროცესზე მოპასუხე მხარემ ივანიშვილის დაკავებაც მოითხოვა თუ დადასტურდება, რომ მან სასამართლო შეცდომაში შეიყვანა და პროცესზე გამოუცხადებლობა ჯანმრთელობის პრობლემებს არ უკავშირდება.

სასამართლომ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და მიიჩნია, რომ პატიმრობა მკაცრი სასჯელი იქნებოდა და ამ ტიპის დავებისთვის არ გამოიყენება.

სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს ჩვენება უნდა მიეცა, მისი და შვეიცარიული კომპანიის დავას განიხილავენ, ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ბანკის ფინანსურმა მენეჯერმა მისი კუთვნილი 150 მილიონი დოლარი განზრახ წამგებიან ბიზნესში ჩადო და მას ფული დააკარგვინა.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტის“ წარმომადგენლის, ნინო ბაქრაძის ინფორმაციით, ბანკირი პატრიკ ლესკადრონი ამტკიცებს, რომ ყველა ოპერაციას მის კლიენტთან, ბიძინა ივანიშვილთან, ათანხმებდა, ოპერაციების დროს ფული "გაზპრომის" მაღალჩინოსნებთან მიდიოდა.

შვეიცარიული პრესა წერს, რომ ივანიშვილის საქმეზე სასამართლოს სხდომა იმდენად მასშტაბური იქნება, რომ ექსპრემიერმა პროცესზე უამრავი ადვოკატი მიავლინა და ამის გამო, ჟენევის სასამართლოს ისტორიული დარბაზი დროებით გადააკეთეს კიდეც. 

დღის ამბები