25 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
ეს არის შავი პიარი პრეზიდენტის წინააღმდეგ - გიორგი მარგველაშვილი "იმედის" ეთერში გასულ სიუჟეტზე

საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების უფლებას "არჩევანის" პირდაპირ ეთერში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე მის მიერ შეწყალებულ პირთა რიგებში შეწყალების კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით შერჩეული პირები მოხვდნენ.

„შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ვინმე ეუბნება, რომ ისინი არიან უდანაშაულოები, შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ამბობს, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. შეწყალება არის ჰუმანური აქტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ძალიან გამორჩეული და პატივცემული წევრები ჩვენი საზოგადოების, რომელთა რჩევასაც მე ვენდობი, ამბობენ, რომ ამა თუ იმ მიზეზით მივცეთ რაიმე ტიპის შანსი, იმედი კრიმინალს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც მარგველაშვილის მიერ შეწყალებულ პირთა საქმეები განიხილეს.

„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო საარჩევნო კამპანია, დაიწყო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და „ქართულმა ოცნებამ“ ამ სიუჟეტით, კიდევ რამდენიმე სხვა სიუჟეტით, ამ კომენტარებით გვაჩვენა, პირველი, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ და მათი მესიჯი არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი და ასეთი სახის იქნება საარჩევნო კამპანია,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, ეშინიათ თუ არა „ქართულ ოცნებაში“ მისი კანდიდატურის, თუმცა, აღნიშნავს, რომ შავ პიარს მიმართავენ მმართველი გუნდის წევრები.

„ის, რასაც თქვენ უყურეთ, ეს იყო მარტივად, საარჩევნო კამპანია, შავი პიარი პრეზიდენტის წინააღმდეგ,“ - განაცხადა მარგველაშვილმა. 

დღის ამბები