25 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
პიჯაკების და სუშის გამო ვუპირისპირდებოდი სააკაშვილს? - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. პიჯაკების საქმეზე „არჩევანის“ ეთერში საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, 2014 წელს პროკურატურამ გრიფის მოხსნა სთხოვა, თუმცა მაშინ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა.

„სასამართლო პროცესს არ უშლიდა ხელს ის, რომ გრიფი ედო. გრიფის მოხსნა იყო მარტო იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ ეს პიჯაკები და ევროპა და ამერიკა ყოფილიყო შოკში იქიდან გამომდინარე, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა პიჯაკები,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გრიფის საიდუმლოს მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფაქტების გაზიარება სახელმწიფოს ზიანს არ მიაყენებდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, აღნიშნულმა საქმემ ბევრჯერ ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში.

„ჩემი უხერხულობა კიდევ ერთი საკითხია. მეორე საკითხი, რა არის იცით, ამ გრიფის მოხსნის შემდეგ და მას შემდეგ, რაც ჩვენ მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გულისთვის ვიჭერთ, ამის მერე, მოიხსნა ყველა იმ ადამიანის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა, რომელთა მიცემა მართლმსაჯულებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუნდაც, ზურაბ ადეიშვილის სახელი ამოიღეს წითელი ცირკულარის ძიებიდან.

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ორ სხვადასხვა საქართველოში ვცხოვრობდით. მე პიჯაკების გამო ვუპირისპირდებოდი სააკაშვილს? პიჯაკების გამო ვუპირისპირდებოდი და სუშის გამო ვუპირისპირდებოდი? „ნაციონალური მოძრაობა“ ამიტომ არ მომწონდა, რომ სუშის ყიდულობდნენ ძვირად?“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები