კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორი თანამშრომლის და პოლიციის მაღალჩინოსნის დაჭრაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ოპოზიცია ეხმაურება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ქვეყანას დღეს კრიმინალი მართავს, რაშიც მათ ხელს საქართველოს ხელისუფლება უწყობს.
„ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენა და ყოველდღიურობა გახდა. სასამართლოც ამ ყველაფერში ჩართულია და ხელს უწყობს. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელმაც სამი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა, უშვებდე გირაოთი და ადამიანები პოლიტიკური ნიშნით გყავდეს ციხეში. ამ ქვეყანას უკვე კრიმინალი მართავს და ხელშეწყობა აქვს სახელმწიფოსგან,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა გიორგი ბოტკოველმა.
ქვეყანაში შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიაში სამართლის აღსრულების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ.
„მაშინ, როდესაც სამართალდამცავები ჩადიოდნენ დარღვევას და ზვიად რატიანის მიმართ იყო დანაშაული ჩადენილი, ამ შემთხვევაში იცავდნენ მუნდირის ღირსებას და დღეს, როდესაც სამართალდამცავების მიმართ იყო ჩადენილი დანაშაული, ამ შემთხვევაში ლოიალური არის ეს ხელისუფლება,“ - აცხადებს სერგო რატიანი.